გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს | სუს

ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით ის წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვართან დააკავეს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.


გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო თითქმის სამი თვის წინ, მარტის დასაწყისში დატოვა.მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, ორივე მათგანზე ბაჩიაშვილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ამჯერად – საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. 

მეტის ნახვა