საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების ვალდებულება უქმდება | შეფასებები

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს “გირჩის“ მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, უქმდება ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას თანასწორობის დაცვას ითხოვს. ინიციირებულ საკითხს „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს. ოპოზიცია კი აკრიტიკებს. ოპონენტები პროცესს „გარიგებას“ უწოდებენ და ამბობენ, რომ „გირჩის“ წინადადებას ხელისუფლება მხარს, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ დაუჭერს. „ქალთა მოძრაობის“ შეფასებით, მმართველ გუნდს, საარჩევნო სიებში მეტი ბიზნესმენი კაცის, ანუ შემომწირველის შეყვანა სურს. შედეგად კი  ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში კიდევ უფრო შესუსტდება და პარლამენტიდან, ქალების ხმა გაქრება.

ქალების გამოძევება პარლამენტიდან, საარჩევნო სიებში მეტი მილიონერი კაცის ჩასმის მოტივით - ასე ეხმაურება „ქალთა მოძრაობა“ კანონპროექტს, რომელიც „გირჩს“ ეკუთვნის. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ  ქალთა მონაწილეობით საქართველო სხვა ქვეყნებს კვლავ ჩამორჩება და კვოტების გაუქმება მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს. 

გენდერული კვოტირების  გაუქმება აუცილებელია,  ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“, რადგან ეს ქალების დაკნინება და  დისკრიმინაციული  მიდგომაა. აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში თავის დამკვიდრებას თავად, კვოტირების გარეშეც შეძლებს. მისი თქმით, ინიციირებული კანონპროექტი, მმართველ ორგანოებში ქალის ხმას არ ჩაახშობს.

"საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების განხორციელების გზით, გირჩის ინიციატივას გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ მხარს, მმართველი გუნდი უჭერს. საკითხს არ აპროტესტებენ „გირჩი მეტი თავისუფლებაში“ თუმცა ფიქრობენ, რომ ეს კონკრეტული ნაბიჯი არჩევნების გაყალბებაში ხელის შეწყობისთვის იდგმება. თემურ გორგაძე ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონპროექტიც თავის თავზე მოირგო.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახალში“ ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება კვლავ „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. აქ ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი უნდა გაუქმდეს მაშინ, როცა ქვეყანა განვითარებისა და გენდერული ბალანსის მაღალ დონეს მიაღწევს და პარტიები ნათლად დაინახავენ ქალების საჭიროებას პოლიტიკაში.

საკითხს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანი წერს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები.

მეტის ნახვა