მეზღვაურთა დღე ბათუმში

დღეს ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ბათუმის ნავსადგურში გაიმართა.

ღონისძიება კურსანტების მიერ ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყო. მეზღვაურებს პროფესიული დღე ირაკლი კობახიძემ მიულოცა და განაცხადა, რომ 1 ივლისიდან ძალაში შევა მეზღვაურთა შრომის შესახებ ახალი კანონი, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულების უფლებებს კიდევ უფრო მოაწესრიგებს.

ღონისძიებაზე ტრადიციულად საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს. დასასრულს, ტრადიციულად, მეზღვაურთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება.

მეტის ნახვა