ახალი ამბები • 1756410394
თურქეთში ახალი რეგულაციები ამოქმედდა - რა უნდა გაითვალისწინოს ქართველმა მძღოლმა?

სს
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრიდან თურქეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შემოწმების ახალი პროცედურები ამოქმედდება.
როგორც “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” წერს, თუ დღემდე უცხოელი გადამზიდავების – მათ შორის ნებართვების, ECMT ლიცენზიების და სხვა თანმხლები დოკუმენტების – კონტროლი ძირითადად სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ხორციელდებოდა, ახალი რეგულაციებით ინსპექტირება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ გზებზეც იქნება შესაძლებელი და ნებისმიერი გამოვლენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმებია გათვალისწინებული.
TCRC განმარტავს, რომ რეგულაციების ახალი მექანიზმის დანერგვის მიზანი სასაზღვრებზე რიგების განმუხტვა, პროცედურების დაჩქარება და საერთაშორისო სატრანსპორტო რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფაა.
რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა - “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” აღნიშნავს, რომ მოძრაობისას, მკაცრად ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი მოთხოვნები:
ნებისმიერი სახის ნებართვების და ლიცენზიების ხელმისაწვდომობა – ორიგინალები (ან შემოწმების შესაძლებლობით ელექტრონული ვერსია) სატრანსპორტო საშუალების ბორტზე ტვირთის ტრანსპორტირების დასრულებამდე უნდა ინახებოდეს;
ელექტრონული ნებართვები/ლიცენზიები უნდა იყოს დამოწმებული (ვერიფიცირებული). საზღვარზე ნებართვის/ლიცენზიის წარმოდგენის შემდეგ გადამზიდავები ვალდებულნი არიან შეინახონ ორიგინალი გადაზიდვების დასრულებამდე. დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ECMT ნებართვები გადაეცემა სხვა გადამზიდავს ქვეყანაში შესვლისთანავე და არა ტვირთის დასრულების ადგილამდე მიჰყვება სატრანსპორტო საშუალებას.
თანმხლები დოკუმენტების ბორტზე არსებობა – (საბორტო ჟურნალი, ტექნიკური შემოწმება ECMT-ს და ა.შ.) სატრანსპორტო სამსახურებისათვის შემოწმებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
კომპანიის/სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის მითითების აუცილებლობა – ნებართვაზე კომპანიის რეგისტრაციისა და სანომრე ნიშნის მიუთითებლობა ან მისი სხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაცემა სამართალდარღვევად ითვლება;
ნებართვის გადამზიდავზე შესაბამისობის უზრუნველყოფა – ნებართვა უნდა იყოს კომპანიის სახელზე გაცემული და უნდა არსებობდეს მფლობელსა და მომხმარებელს შორის მოქმედი შეთანხმება;
იკრძალება ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება – ამ შემთხვევაში გადამზიდავი ვალდებულია მიიღოს ახალი ნებართვა ან გადაიხადოს თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული საფასური;
სპეციალური ნებართვის გარეშე გადაზიდვები დაჯარიმებას ექვემდებარება – გადაზიდვა, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ნებართვას, მაგრამ მის გარეშე ხორციელდება, გამოიწვევს ჯარიმებს.
იმას, თუ რამ განაპირობა ახალი რეგულაციების ამოქმედება - TCRC წერს, რომ თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ბოლო წლებში დაფიქსირდა ECMT ლიცენზიების გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის სატვირთო მანქანების ჩანაცვლება, ლიცენზიების სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე გადაცემა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობა.
“თურქეთის გავლით ტრანზიტის დროს ჯარიმებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, უცხოურ კომპანიებს მკაცრად ურჩევენ, წინასწარ წესრიგში მოიყვანონ და შეამოწმონ დოკუმენტაცია”, - აღნიშნავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი”.

1756113571