გასაყიდი ბინები ისევ ძვირდება - ეკონომისტების პროგნოზები

ბინების შეძენასა და ქირავნობაზე ფასები ისევ იზრდება. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოსახლეობის მასიური შემოდინება დაიწყო, რამაც, საცხოვრებლებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. ღირებულება ყოველდღიურად იმდენად მზარდია,  რომ უძრავი ქონების შეძენა ან დროებით ქირაობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის შეუძლებელი ხდება. რას პროგნოზირებენ ეკონომისტები?

2022 წლის მსგავსად, გასაყიდი ბინების საფასური 2023-შიც ისევ კატასტროფულად იზრდება. ღირებულების მატება განსაკუთრებით თვალშისაცემი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა, როცა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში მასობრივი ჩამოსახლება დაიწყეს. თვეების შემდეგ, რუსები ქირას აღარ დასჯერდნენ და საცხოვრებლების შეძენა დაიწყეს. გაზრდილმა მოთხოვნილებამ კი, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მატება გამოიწვია.

ბინებზე ფასების მატება რომ რუსების მასობრივ ჩამოსახლებას უკავშირდება, ამას „თიბისი კაპიტალის“ მკვლევარიც ადასტურებს. ირინა კვახაძის პროგნოზით, რამდენიმე თვეში, უძრავი ქონების შეძენა მოქალაქეებს 20%-იანი, ხოლო ქირავნობა, 30%-იანი ნამატით შეეძლებათ.

კიდევ რამდენიმე გარემოებაზე საუბრობს „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი მენეჯერი. ნათია სირაბიძის თქმით, აჭარაში ფასების ზრდა სეზონის მოახლოვებამ, ასევე, სამშენებლო მასალებისა და პროექტების გაძვირებამაც განაპირობა.

ბინების გაძვირების მთავარ გარემოებად მშენებლობის ინდექსის ზრდას ასახელებს ეკონომისტი. ნოდარ სირბილაძის განმარტებით, მომატებულია ხელფასების მაჩვენებელიც, რაც სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გულისხმობს.

საბოლოოდ, დარგის სპეციალისტები დამაიმედებელს ვერაფერს გვეუბნებიან. ისინი ვარაუდობენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ექსპერტები შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ. ცხადია, უცნობია, როგორია მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმა დასახელებული პრობლემის გადასაჭრელად. „ოცნების“ ლიდერები რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას არ აპირებენ, ამაზე მაღალჩინოსნების პრორუსული რიტორიკა მეტყველებს.

მეტის ნახვა