მალხაზ ნაკაშიძე ბსუ-ს წინააღმდეგ

ნაკაშიძე

მალხაზ ნაკაშიძე ბსუ -ს წინააღმდეგ. ბსუ-ს პროფესორი ფეისბუქზე ვრცელ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უნივერსიტეტს ამხელს. წერს, რომ მისი სასწავლო კურსები პროგრამიდან ისე ამოიღეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. არადა, როგორც ნაკაშიძე წერს, უკვე მესამე კვირაა, რაც სტუდენტებთან ლექცია სემინარებს ატარებს და ცვლილების შესახებ ინფორმაცია არც სტუდენტებს  ჰქონდათ.

ნაკაშიძის თქმითვე, უნივერსიტეტმა მიზანმიმართულად ამოიღო სასწავლო კურსები პროგრამიდან, მაშინ როდესაც ბევრი გაურკვეველი შინაარსის სასწავლო კურსი აისახა ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში.

მალხაზ ნაკაშიძე ბსუ-ს პროფესორია საჯარო სამართლის მიმართულებით.

გთავაზობთ მის პოსტს სოციალური ქსელიდან:

"#ბსუ #ევროკავშირი ყველა სფეროში რთული ვითარებაა ქვეყანაში, თუმცა განსაკუთრებით განათლების სისტემაში და საჯარო უნივერსიტეტებში. ვწუხვარ, რომ ამ სისტემაში წლების განმავლობაში არსებითად არაფერი იცვლება. ჩემი ამბავი უნდა გაგიზიაროთ. ვარ ბსუ-ს პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით. 2020 წელს გავიმარჯვე ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში და ბსუ-ში ჩამოვაყალიბე პირველი ჟან მონეს კათედრა. ამ პროექტის ფარგლებში, სამართლის, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპისმცოდნეობის პროგრამების სტუდენტებისთვის შეიქმნა სამი ახალი სასწავლო კურსი, მათ შორის "ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" და "ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი". ეს იყო დიდი შრომა. მოვამზადე ახალი სილაბუსები, სასწავლო მასალები, შევიძინეთ თანამედროვე ლიტერატურა, თავადაც გამოვაქვეყნე პუბლიკაციები სასწავლო თემატიკაზე. უნდა ვაღაიარო, რომ 2020 წლიდან დღემდე, დიდი წინააღმდეგობა შემხვდა როგორც ამ კურსების ამოქმედებისას, ისე შემდეგშიც სასწავლო პროცესში. მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის ვცდილობდი რომ ეს საქმე ბოლომდე მიმეყვანა.
2023-2024 აკადემიური წელი ევროკავშირის კვლევითი სტიპენდიით, ვიმყოფებოდი იტალიაში და ბსუ-ში ლექციები არ მქონია. 2024 წლის სექტემბრიდან დავბრუნდი ბსუ-ში და შესაბამისად, გავაგრძელე ჩემი სასწავლო კურსების სწავლება. უკვე მე-3 კვირა ვატარებ ლექცია-სემინარებს საჯარო მმართველობის სტუდენტებთან და შემთხვევით გავიგე, რომ ჩემი ორივე სასწავლო კურსი ამოღებულია პროგრამიდან, ხოლო სასწავლო კურსის "ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" სწავლება უნდა შევწყვიტო ამ კვირიდან. თითქმის ყველას ვესაუბრე, ვისაც ეს საკითხი ეხებოდა და ასეთი უპასუხისმგებლობა წარმოუდგენელია.
ისე დამტკიცდა ახალი სასწავლო წლის აკადემიური დატვირთვები, ცხრილები და დაიწყო სასწავლო წელი, რომ ამ ცვლილების შესახებ არ ვიცოდით არც მე და არც სტუდენტებმა. როგორც გაარკვიეთ, სასწავლო კურსები გაუქმდა საჯარო მმართველობის ახალი პროგრამის აკრედიტაციის გამო, რომელიც გახდა 3 წლიანი (180 კრედიტი). გავეცანი ახალ პროგრამას, სილაბუსებს და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ახალ პროგრამაში დარჩენილი კურსების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის მოთხოვნებს, ლექტორების ნაწილს შესაბამის კვალიფიკაციაც კი არ უდასტურდებათ. ზოგადი დაკვირვებაც საკმარისია დარწმუნდეთ, რომ ეს სასწავლო საათები კონკრეტული ადამიანებისთვის არის შექმნილი, მათი დასაქმებისთვის და არა მაღალი ხარისხის განათლების მიზნებისთვის. საერთოდ ბსუ-ში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს ლექტორი.
დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტმა მიზანმიმართულად ამოიღო სასწავლო კურსები პროგრამიდან, მაშინ როდესაც ბევრი გაურკვეველი შინაარსის სასწავლო კურსი აისახა ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში, ზოგიერთებისთვის სპეციალურად კურსების მოდიფიცირებაც განხორციელდა და მხოლოდ ჩემი კურსები არ ყოფილა შესაბამისობაში პროგრამის მიზნებთან

წლების განმავლობაში ვიყავი აკრედიტაციის ექსპერტი და ვიცი რასაც ვამბობ. ძალიან მაინტერესებს, რომელი ექსპერტი დაწერს დასკვნას, რომ ეს პროგრამა იმსახურებს დადებით შეფასებას.
ყველამ კარგად იცის თუ რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია დღეს ევროკავშირის სწავლება საქართველოში. ჩვენ სასწავლო პროცესში ვსაუბრობდით ევროკავშირის საერთო ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების, ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებების, საქართველოს მიერ მიღებული კანონმდებლობის, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. სასწავლო კურსების გაუქმებით, შეამცირეს სასწავლო სივრცე, სადაც ამ საკითხებზე საჯაროდ ვისაუბრებთ. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში სხვა საგანმანათლებლო პროგრამებიდანაც ამოიღონ ეს სასწავლო კურსები ევროკავშირის შესახებ.
დღეს დავემშვიდობე საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია და მომავალში გავაგრძელებთ საუბარს ევროკავშირის შესახებ.
კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა ის ადამიანი ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს, აუცილებლად დადგება თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი.
თუ გვინდა შევცვალოთ ეს რეალობა, ყველას გთხოვთ მოხვიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე!"-წერს ნაკაშიძე. 

 

ნაკაშიძის ბრალდებებს გამოეხმაურა უნივერსიტეტი. პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის მცდელობა დააკნინოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა როლი ევროპული ღირებულებების სწავლებაში, არსებითად უსაფუძვლო და უადგილოა - ამის შესახებ ბსუ-ს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"გვსურს განმარტება გავაკეთოთ ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის უსაფუძვლო განცხადებებზე/მოსაზრებებზე/დასკვნებზე ამავე ფაკულტეტის ევროკავშირის შესახებ სასწავლო კურსების/კომპონენტების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებიდან ამოღებასთან (გაუქმებასთან) დაკავშირებით.

ბსუ-ში ჟან მონეს კათედრა დაარსდა და წარმატებით ფუნქციონირებს, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების მაქსიმალური მხარდაჭერით და გადაწყვეტილებების შესაბამისად. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო გეგმებში, ამავე ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების ინიციატივით მიღებული ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებებით ,,სავალდებულო“ და ,,არჩევითი“ სასწავლო კურსების სტატუსით ჩაშენდა კათედრის მიერ მომზადებული 2 სასწავლო კურსი:

1. ,,საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) "ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" - სავალდებულო საგანი 5 კრედიტი;

ბ) “ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი" - არჩევითი კურსი 5 კრედიტი;

2. ,,ევროპისმცოდნეობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) ,,ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" - სავალდებულო საგანი 5 კრედიტი;

ბ) ,,ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი" - არჩევითი კურსი 5 კრედიტი;

3. ,,სამართალმცოდნეობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) ,,ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" - სავალდებულო საგანი 5 კრედიტი;

4. ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) ,,ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" - სავალდებულო საგანი 5 კრედიტი;

ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამათაგან, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების (საქართველოს 20.09.2018 წლის კანონი №3438; 16.03.2021წ.კანონი №339 – ვებგვერდი, 27.06.2024 წლის კანონი №4298) შესაბამისად და საჯარო მმართველობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბსუ-ში შემუშავდა ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს 180 კრედიტს (გახდა 3-წლიანი). ბსუ-ს ,,საჯარო მმართველობის“ განახლებული საბაკალავრო პროგრამის (180-კრედიტიანი) 150 კრედიტი არის დარგობრივი მახასიათებლით გათვალისწინებული, კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სასწავლო კომპონენტები, 30 კრედიტს კი მოიცავს პროგრამის თავისუფალი/არჩევით სასწავლო კურსები.

ბსუ-ში მოქმედ ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის ვადა იწურება 2024 წლის 31 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ და ბსუ-ს სხვა საგანმანათლებლო პროგრამების რეაკრედიტაციის მიზნით, ბსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ,,საჯარო მმართველობის“ განახლებული, დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოსული 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა წარდგენილი იქნა სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში, საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის ფარგლებში, შინაარსობრივი ნიშნით (პროგრამის შინაარსი, სწავლის მიზნები და შედეგები) დაჯგუფებულ სხვა საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად.

მალხაზ ნაკაშიძე თავის საჯარო განცხადებაში არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების თავისუფალი სასწავლო კურსების საუნივერსიტეტო ბაზაში არსებობს ზემოაღნიშნული სასწავლო კურსები (საგნები) და სტუდენტებს (მათ შორის ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან), აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში თავისუფალი არჩევანი და საშუალება აქვთ აირჩიონ და დაარეგისტრირონ ეს სასწავლო კურსები/საგნები, თავისუფალი კომპონენტის (30 კრედიტის) ფარგლებში.

არ შეესაბამება სინამდვილეს მალხაზ ნაკაშიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო პროგრამა თითქოს არ ითვალისწინებს (თითქოს გაუქმებულია) ევროკავშირის შესახებ სასწავლო კურსები. ბსუ-ს ,,საჯარო მმართველობის“ განახლებული, დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოსული, 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია შემდეგი სასწავლო კურსები: 1. ევროკავშირის პოლიტიკა და მართვა; 2. ევროკავშირი და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

და ბოლოს, გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ევროკავშირის სამართლის“ და ,,ევროინტეგრაციის ისტორიის“ სწავლებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, ჯერ კიდევ 2002 წელს, ბსუ-ს ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის ლექტორების მიერ იკითხებოდა როგორც ევროკავშირის სამართალი, ისე ევროპის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია. ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსები ,,ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" და ,,ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი" ამჟამად გათვალისწინებულია ბსუ-ს ,,საერთაშორისო ურთიერთობების“, ,,ვროპისმცოდნეობის“ და ,,სამართალმცოდნეობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებში, ძირითად და არჩევით სასწავლო კურსებად. ამჯერად, არაფერს ვამბობთ ბსუ-ში ყოველწლიურად მიმდინარე სხვა ათობით პროგრამაზე და პროექტზე, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება და არც იმაზე, რომ საერთაშორისო პროგრამების მიხედვით ბსუ ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, რაც უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.

ამდენად, პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის მცდელობა დააკნინოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა როლი ევროპული ღირებულებების სწავლებაში, არსებითად უსაფუძვლო და უადგილოა"- აცხადებენ ბსუ-ს ადმინისტრაციაში.

მეტის ნახვა