საშუალო განათლების 12 წლიანი სისტემა - რამდენად გაამართლა სკოლებში მეთორმეტე კლასის შემოღების იდეამ?

რამდენად გაამართლა, სასწავლო დაწესებულებაში მეთორმეტე კლასის შემოღების იდეამ, რას უნდა სწავლობდნენ მოსწავლეები სკოლაში დამამთავრებელ წელს და რა ხდება რეალურად - წლების წინ, სახელმწიფო გვეუბნებოდა, რომ ახალი სისტემით, საქართველოში სკოლადამთავრებული ახალგაზრდა,  ბევრად კონკურენტული გახდებოდა ევროპაში. არის თუ არა მე-12-ე კლასი რეალური შესაძლებლობა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად? წლების განმავლობაში სადავო თემაზე მოსაზრებები თამარ კიკნაძემ მოისმინა. 

თემო მე-12-ე კლასის მოსწავლეა. ეროვნული გამოცდებისთვის აქტიურად ემზადება. რა თქმა უნდა,  კერძოდ, რეპეტიტორთან. ამბობს, რომ სკოლა იმას ვერ აძლევს, რაც სჭირდება, რომ რეალურად, დამამთავრებელ კლასში, სწრებადობა ცუდია და საგაკვეთილო პროცესზე იმისთვის ცხადდებიან,  სკოლიდან რომ არ გაირიცხონ. თუ, 12-ე კლასში მოსწავლეებს გაკვეთილებს არჩევით საგნებში ჩაუტარებენ, მაშინ რეალობა სხვაგვარი იქნება, ფიქრობს იგი.

ნიკა და დავითი პირველი და მეორე კურსის სტუდენტები არიან. ამბობენ, რომ დამამთავრებელ კლასში, ფაქტობრივად, არც მათ უვლიათ. ფიქრობენ, რომ 12-ე კლასი ფორმალურია და ძირითად საგნებს ისე  არ ასწავლიან, მომზადების გარეშე ეროვნული გამოცდების ჩაბარება შეძლონ.

დასავლური სტანდარტით, უმაღლეს სასწავლებელში,  საგამოცდოდ დაიშვებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტი აქვთ. 11 წლიანი სკოლის ატესტატს ევროპის არცერთი ქვეყანა იღებს. სწორედ ამ გარემოების გამო იფიქრა სახელმწიფომ გამოსავალზე და 2008-09 სასწავლო წლიდან, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, 12-წლიან სწავლებაზე გადავიდნენ. გარდა ამისა, მაშინ, განათლების სამინისტრო აცხადებდა, რომ სიახლით, საქართველომ გადადგა ნაბიჯი უფრო ხარისხიანი, ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებული, ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემისკენ. ამ გადაწყვეტილებიდან, წლები გავიდა, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არსებული სახით, მე12-ე კლასის სასკოლო განათლება არაფრის მომცემია, რომ სახელმწიფომ, 15 წლის განმავლობაში, შესაბამისი სასწავლო კურსი ვერა და ვერ შეიმუშავა.

შენიშვნა ბევრია, ხარვეზებზე საუბრობენ მოსწავლეები, მშობლები და განათლების საკითხებზე მომუშავე ადამიანები, თუმცა მთავარი მოპასუხე, საქართველოს განათლების სამინისტრო მიდგომებს არ ცვლის. უწყებაში დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა. ფაქტი ერთია, მე-12-ე კლასელებს დღეში სამი გაკვეთილი უტარდებათ. სასწავლო დღე 11 საათსა და 10 წუთზე სრულდება და მაინც, ფაქტი ერთია, საგაკვეთილო პროცესზე კლასები თითქმის ცარიელია.

მეტის ნახვა