აუდიტის კრიტიკული დასკვნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობაზე

ბიუჯეტის აუთვისებელი ფული, შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხარვეზები პროექტების დაგეგმარებასა და მათი განხორციელების კონტროლში, ბუნდოვანი სქემით გადახდილი თანხები ბიუჯეტიდან, მათ შორის ხელფასებში - ამ და კიდევ ბევრ დარღვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელვაჩაურის მერიას ამხელს. კრიტიკული დასკვნა უწყების 2021-2022 წლების საქმიანობას ეხება. 22 გვერდიან ანგარიშში მაკონტროლებელი იმგვარ დარღვევებზეც წერს, რომ რიგ შემთხვევებში საქმე პროკურატურამდეც აღწევს.

2021-22 წლებში, რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, მხოლოდ იმიტომ ვერ განხორციელდა, რომ ხელვაჩაურის მერიამ  შემოსავლები და გადასახდელები სწორად ვერ დაგეგმა. ეს, სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი პირველი მიგნებაა. ამ პერიოდში, მუნიციპალიტეტს, აუთვისებელი დარჩა, 6 მილიონ ნახევარი ლარი. აქედან, 500 ათას ლარად, ორი სოციალური სახლი უნდა აშენებულიყო. მაკონტროლებელი წერს, რომ შესაბამისმა კომისიამ, ბენეფიციარები დროულად ვერ შეარჩია, რაც პროექტის დასაწყებად, აუცილებელი პირობა იყო. ხელვაჩაურის მერიამ, სტიქიის რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახებისთვის ვერც ფერდსამაგრი სამუშაოები განახორციელა სრულად და დაუხარჯავი დარჩა 257 ათასი ლარი.

2021-22 წელს, ხელვაჩაურის მერიამ, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი შეიძინა, ჯამში, 4 მილიონ 204 ათასი ლარის, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები აღარ შეუსყიდია. მერიამ, აუდიტთან განმარტა, რომ პროექტების დასაფინანსებლად, ფული აღარ ჰქონდა. ეს არასწორ მენეჯმენტზე მიუთითებს, რადგან, მერიას, პროექტის საჭიროება და მისი განხორციელების შესაძლებლობები თავიდანვე უნდა განესაზღვრა. არასწორი მიდგომით, კი უკვე შეძენილ პროექტებს სამომავლოდ კორექტირება დასჭირდება, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვდა.

საანგარიშო პერიოდში, ხელვაჩაურის მერიამ, საცხოვრებელ სახლებთან, რვა საყრდენი კედლის მოწყობა დაგეგმა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შემდეგ კი სამი, მალევე ამოიღო დღის წესრიგიდან. პოსტ ფაქტუმ თქვა, რომ დამატებითი გეოლოგიური დასკვნების მიხედვით, საცხოვრებელი სახლების ადგილმონაცველობა იყო საჭირო. გარდა ამისა, სამ სოფელში დაგეგმა შიდა გზის მოწესრიგება, თუმცა, აქაც, ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე, ერთ-ერთი სოფელი განსახორციელებელი პროექტებიდან ამიღო. არც მეტი, არც ნაკლები, აღმოჩნდა, რომ ამ კონკრეტულ სოფელში, ბეტონის საფარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ უკვე დაგებული იყო. ინფორმაცია, სოფლის რწმუნებულისგან მიიღო. აუდიტი, აძლევს რეკომენდაციას მერიას, შეიმუშაოს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სარწმუნო და შესაფერისი ინფორმაციის შეგროვებას.

აუდიტი, ფულის არაეფექტურად განკარგვის კიდევ ბევრ ფაქტზე წერს. მაგალითად:

2021 წელს, „ხელვაჩაურის წყალმა“ ფიზიკურ პირთან გამარტივებული შესყიდვით, სამი ხელშეკრულება გააფორმა. მათი საერთო ღირებულება 14 808 ლარს შეადგენდა, თუმცა მუნიციპალურმა შპს-მ ფიზიკურ პირს 35 ათას 762 ლარი გადაუხადა. ანუ, ხელშეკრულების ღირებულებაზე 20 954 მეტი. მიმწოდებლის მიერ, სამუშაოს შესრულება კი დოკუმენტურად არ დასტურდება.

კომუნალური სერვისების სამსახურს, გამარტივებული შესყიდვებისას, შპს „ოქრო“-სგან, მიღება-ჩაბარება ისე აქვს გაფორმებული, მიმწოდებლისგან არ აქვს მიღებული შესაბამისის სასაქონლო ზედნადები, შესაბამისად, არ დასტურდება, საქონლის მიღების ნამდვილობა. კომუნალური მომსახურების სამსახური, მცირე სამშენებლო სამუშაოებსაც ახორციელებდა. ამისთვის, საანგარიშო პერიოდში, ფიზიკურ პირებთან 12 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული,  თუმცა აუდიტისთვის მიწოდებული დოკუმენტებით არ ირკვევა, სად ჩატარდა სამუშაოები, რისთვის და რამდენი იქნა გადახდილი. ამავე პროექტის ფარგლებში, შეძენილია ტონანახევარი არმატურა, საიდანაც, დოკუმენტების მიხედვით გახარჯულია მხოლოდ 186 კილოგრამი. ობიექტს კი არც მარაგებში დარჩენილი საქონელი გააჩნია და არც ინფორმაცია აქვს მათი გამოყენების შესახებ.

სასაქონლო ზედნადების გარეშე, მიიღო, 7 ათასი ლარის საკვები „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებამაც“. აუდიტმა გამოავლინა ფაქტები, როცა „ხელვაჩაურის გამწვანების დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების“ სამსახურმა, სპეცტექნიკის ნაწილების შესაძენად, ჯერ მომსახურება მიიღო, იურიდიული ხელშეკრულება კი მხოლოდ შემდეგ გააფორმა. თარიღები ერთმანეთს აცდენილია და ამას სისტემური ხასიათი აქვს, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. ხშირია ისეთი ფაქტებიც, როცა შემსყიდველისთვის გადახდილია იმაზე მეტი, ვიდრე შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ხშირად კი მიმწოდებელს იმაზე ბევრად ნაკლები საქონელი აქვს მერიისთვის მიწოდებული, ვიდრე დამკვეთი ხელშეკრულებით სთხოვდა. მაგალითად, 2021 წელს, მერიამ ზეთის, ჰაერისა და საწვავის მხოლოდ 119 ფილტრი მიიღო 400 ის ნაცვლად, ფული შპს „იმზა ოილმა“ კი სრულად წაიღო.

„ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების“ სამსახურში, პასუხისმგებელი პირები, საბიუჯეტო თანხების გადარიცხვისას, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშებისა და დასაქმებულთა ხელფასების ნაცვლად, უთითებდნენ თავიანთ ან სხვა საბანკო ანგარიშებს. რამდენიმე ტრანზაქცია კი შესრულებულია ისეთ ანგარიშებზე, რომლებიც გაუქმებული იყო. გარდა ამისა, აუდიტმა, ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოებში“ სამი შემთხვევა გამოავლინა, როცა ერთი დასაქმებული პირის ხელფასი ჩარიცხულია თანამშრომლის ანგარიშზე, რომელიც აღარ მუშაობდა ორგანიზაციაში, ხოლო მისი ხელფასი ერიცხებოდა სხვას. მასალები, აუდიტმა, პროკურატურაში გადაგზავნა.

შპს „ხელვაჩაურის წყალი“ და შპს „ხელვაჩაურის საყოფაცხოვრებო მომსახურება“, მუნიციპალიტეტს 2010 წელს გადაეცა, თუმცა აუდიტის დასკვნის მიხედვით, წლებია არ ასრულებენ ფუნქცია-მოვალეობებს. ხელვაჩაურის მერიას პრობლემები აქვს საწვავის გამოყენების ნაწილშიც.

კერძოდ, კომუნალური მომსახურების სამსახურის კუთვნილ ერთ-ერთ ავტომანქანაზე, 2021 წელს გახარჯულია 24 708 ლიტრი დიზელის საწვავი, რაც შეუსაბამოდ დიდი მაჩვენებელია, რადგან იგივე ავტომნაქანას, 2022 წელს გახარჯული აქვს 4069 ლიტრი, ხოლო, 2023 წლის 6 თვის მონაცემით 750 ლიტრი. ასევე, ერთჯერადი ჩასხმები, ბევრად მეტია ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობაზე. ათასობით ლიტრი ბენზინი, უკონტროლოდ აქვს ათვისებული შპს „ხელვაჩაურის წყალსაც“, თან ისე, რომ შეუძლებელია დადგენა, სად და რა სამუშაოების შესრულებას მოახმარა საწვავი.

დარღვევებზე, რომელზეც აუდიტის დასკვნაში წერია, საანგარიშო პერიოდში, რეპორტაჟები, „მაცნეს“ ეთერით არაერთხელ გაშუქებულა. ყოველ ჯერზე, პასუხისმგებელი პირებისგან მხოლოდ თავის მართლება გვესმოდა, ან ოპოზიციის დადანაშაულება გვესმოდა. რა იყო ტყუილი და რა სიმართლე, დღეს დოკუმენტურად დასტურდება. თანამდებობის პირები, ახლა მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ყველაფერი, ახლა, მხოლოდ გამოძიების საქმეა.

მეტის ნახვა