მედიის როლი შშმ პირების ადაპტაციაში

დემოკრატიის მაღალი ხარისხი, პიროვნების უფლებების გაზრდას ითვალისწინებს. იქ, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია,  მმართველობაც სწორი მიმართულებით ხორციელდება. ამ კუთხით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს მედია ასრულებს, რომელიც ინფორმაციის გამტარია და საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს ადამიანების უფლებების დაცვას. ია გოლიაძე გიამბობთ, რას აკეთებენ ტელევიზიები კონკრეტულად ერთი სეგმენტის, შშმ პირების დამოუკიდებლობისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის პროცესში, რაც დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია.

რეაბილიტაციის, განათლების, დასაქმების, გადაადგილების და ზოგადად, დამოუკიდებელი ცხოვრების პრობლემა - რამინ მაჭარაშვილის აზრით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საქართველოში, ბევრი გამოწვევა დგას. ამბობს, რომ ყველაზე მთავარი, მაინც - საზოგადოებაში, ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაა. მიაჩნია, რომ სახელმწიფო შშმ პირებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნას, ვერ ახერხებს, რის გამოც, ისინი, ხშირ შემთხვევაში, მედიის იმედად რჩებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, შშმ პირების წინაშე მდგარი გამოწვევებიდან  დასაქმებისა და საზოგადოებაში დაბალი ცნობიერების არსებობის პრობლემას გამოყოფს. იხსენებს ფაქტს, როდესაც დამსაქმებელს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანის მიმართ, დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდა. ნინო ჩხაიძე მედიის მნიშვნელობას და გავლენას, სწორედ, აქ ხედავს.

კიდევ ერთი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც ტელევიზიების როლს, მათი ინტეგრაციის პროცესში, მნიშვნელოვნად აფასებს, ნიკო ქარცივაძეა. ამბობს, რომ ფართო აუდიტორიასთან პრობლემებზე საუბარი, მედიის საშუალებით, გაცილებით ეფექტური და მარტივია.

2022 წლის მონაცემებით, მხოლოდ, ბათუმში, 6 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული. დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას კი, პირველ რიგში, შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია ეხება.  2020 წლის მონაცემებით, დოკუმენტს 182 ხელმომწერი სახელმწიფო ჰყავს, მათ შორის, საქართველო, თუმცა, შშმ პირები, თავიანთი პრობლემებით, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ, მედიის იმედად რჩებიან.

მეტის ნახვა