კობახიძე - 4 ოქტომბრის არჩევნები მშვიდად ჩაივლის. ჩემი მოკრძალებული რჩევაა არავის წაუცდეს ხელი, თორემ დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას...

სს

სს

„საბოლოოდ, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ჩვენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ. სინამდვილეში, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები. არჩევნებთან დაკავშირებით, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს. მათ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიც აქვთ, ბუნებრივია. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობისა“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ. არის სუბიექტური ინტერესები, მაგრამ საბოლოოდ, ყველას ჰყავს ერთი პატრონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორი განსხვავებებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ - ტაქტიკური თუ სუბიექტური, საბოლოოდ, მათი პატრონი ერთად ყრის ხოლმე ამ პარტიებს. ბუნებრივია, ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით, მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. ბუნებრივია, საქართველოში არის დემოკრატია. ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმეს თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს.

4 ოქტომბერი მთლიანად, არჩევნების, აქციისა და ყველაფრის ჩათვლით, ჩაივლის ძალიან მშვიდად. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მთავარია კანონის დარღვევაზე არავინ იფიქროს. თუ ვინმეს მაინც დაუცდება ხელი, ნახავენ მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას. არავის არ ვურჩევ ამას. რეალურად, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძე გამოეხმაურა „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციებს საქართველოს უნივერსიტეტი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი აფინანსებენ. პრემიერის თქმით, საქართველოში რევოლუციის „არავითარი რესურსი არ არსებობს“.

„რეალურად, ეს ყველაფერი დაფინანსებულია უცხოური სპეცსამსახურების მიერ, როგორც ეს მოხდა „მაიდნის“ შემთხვევაში. იცით, სპეცსამსახურები აფინანსებდნენ „მაიდანს“ და მერე რით გაგრძელდა ეს ყველაფერი უკრაინისთვის. დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული და ორი ომი გადაიტანა, სწორედ სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციის შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სცენარის განხორციელებას ვერ დავუშვებთ. საქართველოში ამ სცენარის განხორციელების არავითარი რესურსი არ არსებობს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვამხილოთ ყველა ასეთი დაფინანსების ფაქტი, ყველა ასეთი გარე ჩარევის ფაქტი. ბუნებრივია, უცხოური აგენტურის მიერ რევოლუცია ვერ მოხდება საქართველოში. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ამისათვის ყველანაირი რესურსი გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისადმი ყოფილი ძალოვანების მიმართვასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ემსახუროს საქართველოს და არა "ქართულ ოცნებას".

"რაც შეეხება აქციას, პროცესი ძალიან მშვიდად წარიმართება, საქართველო არის დემოკრატიული და ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ამის მიღმა თუ ვინმე ჩაიფიქრებს კანონის დარღვევას, ამისთვის საკადრის პასუხს მიიღებს. რაც შეეხება, ვეტერან ძალოვნებს, თქვენ იცით, 2012 წლამდე რა მძიმე მდგომარეობა იყო ძალოვან სტრუქტურაში და რამდენი ადამიანი ჩართეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მაშინდელი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებმა. ამის ფონზე არავის უკვირს რამდენიმე ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებების კეთება. თუ ვინმეს წაუცდება ხელი და კანონს დაარღვევს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს, შესაბამისად, არავის ვურჩევ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია 64 მუნიციპალიტეტიდან ვერცერთში ვერც საკრებულოსა და ვერც მერის არჩევნებს ვერ მოიგებს. „რეალური მდგომარეობა არის ის, რომ ოპოზიციას არცერთ მუნიციპალიტეტში არც მერის და არც საკრებულოს არჩევნების მოგება არ შეუძლია. წინა შემთხვევაში, მათ მოახერხეს ერთ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგება, ხოლო რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგება. ამ შემთხვევაში კი ისინი ვერცერთ მუნიციპალიტეტში, 64 მუნიციპალიტეტიდან ვერცერთი ვერ ახერხებენ ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტის ნახვა