41 დაზარალებული ჟურნალისტი 14 მედიასაშუალებიდან - მედიაომბუდსმენმა პროკურატურას ახალი განაცხადები წარუდგინა

მედიაომბუდსმენი

უკანონო ფარული მოსმენა - მიყურადების და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობას კიდევ 11 ჟურნალისტი ითხოვს.

განმცხადებლებს შორის არიან:

1. ნინო ზაუტაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი
2. თეონა ხარაბაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
3. ნინო თარხნიშვილი - რადიო თავისუფლება
4. თორნიკე მანდარია - რადიო თავისუფლება
5. ეკა ქევანიშვილი - რადიო თავისუფლება
6. მერაბ მეტრეველი - პალიტრა NEWS
7. თინათინ ოსმანოვა - რადიო პალიტრა
8. ანა წერეთელი - ტელეკომპანია პირველი
9. მაკა ჩიხლაძე - ტელეკომპანია პირველი
10. ლიკა ჯანყარაშვილი - ტელეკომპანია პირველი
11. ნიკა თევდორაძე - ტელეკომპანია ფორმულა

ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ “მედიაომბუდსმენმა” თბილისის პროკურატურას მესამე ნაკადის განცხადებები უკვე წარუდგინა.

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლითაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა. ე.წ. კრებსები მოიცავს ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა.

მედიაომბუდსმენი უკანონო მიყურადების და ფარული მოსმენების საქმეზე მთლიანობაში 41 ჟურნალისტს იცავს. მასშტაბური მოსმენების და უკანონო თვალთვალის სამიზნედ ჟურნალისტები სხვადასხვა გავლენის და სარედაქციო პოლიტიკის 14 მედიასაშუალებაში პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში იქცნენ. აქედან, 23 ჟურნალისტი თბილისის პროკურატურამ უკვე ცნო დაზარალებულად. ამასთანავე, 10 ჟურნალისტის სახელით საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაიგზავნა.

მეტის ნახვა