"Street Art" ბათუმის ქუჩებიდან - გზა მაყურებლის საუბარში "ჩათრევისა"

Street art

საუკუნეების განმავლობაში, ადამიანებისთვის თვითგამოხატვის უალტერნატივო საშუალება ხელოვნებაა. მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ინდივიდი ჰარმონიაშია თუ წინააღმდეგობაში მის ირგვლივ არსებულ გარემოებებთან, იგი გამუდმებით ესწრაფვის ასახოს და სხვებს გადასცეს ის, რასაც შინაგანად განიცდის. ცხადია, გადმოცემის ხერხები მუდამ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მით უმეტეს, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები გამუდმებით ეძებენ და პოულობენ ახალ ხერხებს, რითაც შეჰქნიან თავიანთ ხელოვნებას.

Street art – მკაფიოდ გამოხატული ურბანული სტილია. მის ჟანრულ პალიტრაში ტრადიციულად შედის: გრაფფიტი (სპრეი არტი), ტრაფარეტები, სტიკერები და პლაკატები, კედლის გრანდიოზული წარწერები (მურალები), ვიდეო პროექცირება, სკულპტურული ინსტალაციები და ა.შ.

ქუჩის ხელოვნებაში მნიშვნელოვანია ყოველი დეტალი, წვრილმანი, ჩრდილი, ფერი, ხაზი. აქ მხატვარი ქმნის საკუთარ სტილიზებულ ლოგოტიპს – „უნიკალურ ნიშანს“ და გამოსახავს მას ქალაქის ლანდშაფტის ამა თუ იმ მონაკვეთზე. ყველაზე მთავარი მასში არა ტერიტორიის მითვისება, არამედ მაყურებლის დიალოგში „ჩათრევა“ და მისთვის სხვადასხვა სიუჟეტური პროგრამის ჩვენებაა.

მისი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სახის – გრაფფიტის ისტორია ლეგენდის მიხედვით 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იწყება, როცა მუშა კილროიმ დეტროიტში დამზადებულ, ბომბებით სავსე ყველა ყუთზე გააკეთა წაერწერა, რომ ის იყო აქ – „Kilroy was here“. ევროპაში დაბომბვას გადარჩენილმა ჯარისკაცებმაც დაიწყეს მსგავსი ფრაზების დაწერა კედლებზე. მოგვიანებით, „ვირუსის“ ამ პირველ გამოვლინებას შეუერთდა კორნბრედის წარწერები ფილადელფიაში (1950–1960 წ.წ.). მხატვარმა ქულ ერლთან და ტოპ ქათთან ერთან „აიღო“ მთელი ქალაქი. ეს სამეული ქმნიდა გრაფფიტს სრული გაგებით და საფუძველს უყრიდა ამ მიმდინარეობას.

ჩვენს სივრცეში, ბათუმის ქუჩებსა და შენობების კედლებზე ხშირად შეხვდებით სთრით–არტს – სხვადასხვა პოზიციის
გამომხატველ გრაფფიტულ წარწერებს, ტრაფარეტებს, სტიკერებს, პლაკატებს და ა.შ. ქუჩის მხატვრების ეს სპონტანური გამოფენა, ურბანული ხელოვნება საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაციის საშუალებაა.

ერთი შეხედვით, ქუჩის ხელოვნება მარტივია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დახატოს მარტივი ფიგურები, თუმცა, როგორც კონცეპტუალური არტი, ის რთულად განსახორციელებელია. მარტივი ფიგურატივიზმის უკან უნდა იდგეს ძალიან მახვილი სლოგანი ან იდეა, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციოს და ცნობიერებაში აღიბეჭდოს.

მეტის ნახვა