ახალი ამბები • 1751358640
დაუსრულებელი მშენებლობების ქალაქი
დაუსრულებელი მშენებლობების რაოდენობა ბათუმში, რამდენიმე ათეულს ითვლის. შესაბამისად, ასეულობით ოჯახია, რომელსაც აღარც ფულადი კაპიტალი დარჩა და აღარც უძრავი ქონება. დაზარალებული და მოტყუებული მენაშენეების უმრავლესობა, ნაქირავებ ფართებში ცხოვრობენ. საქმე ისაა, რომ უცხოელების მასიური შემოდინების შემდეგ, ბინის გამქირავებლები მათ აღარც ქირით აჩერებენ, რადგან, ბინის საფასურის რაოდენობა გაასამმაგეს. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობების პრობლემა წლებია დგას და გაკოტრებული დეველოპერების თუ მოტყუებული ადამიანების რიცხვი მხოლოდ მზარდია, ფაქტია, რომ პრობლემის გადაჭრას არც მთავრობა ცდილობს და არც თვითმმართველობა.
ადლიის 112 ნომერში, პოლიციის ბინების სახელით ცნობილი კორპუსები ერთ-ერთი უკანასკნელი მშენებლობაა ქალაქში, რომელიც არა და არ დასრულდა. 2018 წელს დაწყებული მშენებლობა 2020-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ოთხი წლის შემდეგაც, აქ მხოლოდ ცარიელი კედლებია. წლიდან წლამდე, მშენებელ კომპანიას, ჩაბარების ვადები, მხოლოდ, უხანგრძლივდება. მათ კი, ვისაც აქ უნდა ეცხოვრა, ამაოდ გადაყრილი ფული შერჩათ.
დიდი ხანია გაჩერებულია „ევროლუქსის“ მშენებლობაც ბაგრატიონზე. მენაშენეები აქციებს პერიოდულად აწყობენ და დახმარებას ითხოვენ, თუმცა სახელმწიფო პრობლემაზე არ რეაგირებს. დამაიმედებელს ვერც ინვესტორისგან ისმენენ და ხალხის ფული აქაც უბრალოდ გაყინულია.
ეს კიდევ ერთი, საკმაოდ ძველი, დაუსრულებელი მშენებლობაა ქალაქში. იგი 2008 წლიდან ამ მდგომარეობაშია. ობიექტს, წლებია აგურიც არ დამატებია. ირგვლივ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ერთი პრობლემიდან სხვა მრავალი გაჩნდა. უპატრონო მშენებლობაზე სარეველა იზრდება, ქვეწარმავლები ბუდობენ და ნარკოდამოკიდებული ადამიანების შეკრების ადგილია.
ეს სპეციალურად მოწყობილი ავზი არ არის. მის ქვეშ წესით ავტოსადგომი უნდა იყოს. ახლა იგი ჭაობდება და ამფიბიებით ივსება. ბათქაშის და მოპირკეთების გარეშე კედლები ხავსდება და ლპება. კორპუსს კიდევ ბევრი სხვა პრობლემა აქვს და ჩვენს ობიექტივშიც არაერთხელ მომხდარა. არა და მისი მშენებლობა ინვესტორმა კომპანია „სახლი პიაცასთან“ სახელით 2013 წელს დაიწყო. ვისი სახლები და ბარაკებიც აიღო, მათ დეველოპერი დიდი ხანია ქირასაც აღარ უხდის. მაზნიაშვილის ქუჩის 37 ნომერში, მენაშენეები სამართალს, თითქმის, ათი წელია ამაოდ ეძებენ.
ესეც ქალაქის შუაგულია. ჭავჭავაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთა. ბაყაყებიც აქ ყიყინებენ. ისინი სწორედ იქ გაჩნდნენ, სადაც საძირკვლის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა და მშენებლობა გაჩერდა. დაუსრულებელია მომიჯნავე კორპუსიც. ვისაც წასასვლელი არ ჰქონდა, დაუსრულებელ კორპუსში, კედლები თავად ამოიყვანა და ცხოვრება დაიწყო.
თამარის დასახლებაში, ეს მიტოვებული მშენებლობა კომპანია „სვეტს“ ეკუთვნის. რაც აიგო, ისიც შენატანებით. უფლებადამცველი ამბობს, რომ მდგომარეობა მანამდე არ გამოსწრდება, ვიდრე კორუფცია არ მოისპობა და ხელისუფლებისთვის, პრიორიტეტი, საკუთარი მოქალაქე არ გახდება.
პრობლემა მწვავეა, დაზარალებულთა რიცხვი მზარდი, აქციები პერმანენტული, თუმცა, ფაქტია თვითმმართველობა და სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად არ მუშაობენ. მეტიც, ძირითადად, პასუხისმგებელი პირები, მათთან მისულ მოქალაქეებს, მოსასმენად, კარსაც კი არ უღებენ.