„უახლოეს პერიოდში ჩამოვა და ყველა კითხვას უპასუხებს“ – ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის შესახებ...

ტვ25

ტვ25

„ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას, არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. იქ ბევრი ნიუანსია, რის გამოც არ ვცნობ თავს დამნაშავედ. სასამართლო ყველაფერს დაადგენს“, – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, სთხოვდნენ თუ არა თორნიკე რიჟვაძეს ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ალექსი ახვლედიანმა თქვა, რომ მას „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“.

„მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და მე როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება დაწყებული.

მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეული თქვენგანის კითხვას,“ – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

საქართველოში ბრუნდება? – ჰკითხეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა.

„რა თქმა უნდა. ის არც აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. შესაბამისად, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ის უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს,“ – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა [ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია]. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ ეტაპზე ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში დაჭრილი მიიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევა საგარეჯოში მოხდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში. ბრალდების თანახმად, იარაღი, რომლითაც თორნიკე რიჟვაძე დაიჭრა, ალექსი ახვლედიანს ეკუთვნოდა.

მეტის ნახვა