ახალი ამბები • 1733750807
შემცირებული შემოსავლები კრიტიკულ მედიებში - რა ამძიმებს მდგომარეობას?
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანიების გაზრდილ სარეკლამო შემოსავლებზე მონაცემებს აქვეყნებს. წერს, რომ 2023 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების საერთო შემოსავლები, 15 მილიონით გაიზარდა, თუმცა როგორც ციფრები მოწმობს, სარეკლამო შემოსავლები მხოლოდ სამთავრობო არხებს გაეზარდათ, კრიტიკულ მედიებში კი პირიქით, მაჩვენებლები გაუარესებულია. რა ამძიმებს მდგომარეობას კრიტიკულ რეგიონულ მაუწყებლებში? თამარ კიკნაძე მუშაობდა თემაზე.
გასულ წელს, ტელევიზიებისა და რადიოების ჯამურმა კომერციულმა შემოსავალმა, 95 მილიონი ლარი შეადგინა. ეს კი 2022 წელთან შედარებით, 18,8%-ით მეტია. მონაცემები, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეკუთვნის. კომკომის დაანგარიშებით, რეკლამის წილი, მხოლოდ ტელევიზიებში, 87 მილიონ 400 ათასია და ამ ციფრების მიხედვით, რეკლამებიდან, ტელევიზიებმა 13 მილიონ 700 ათასით მეტი მიიღეს.
სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2023 წელს „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 2022 წელთან შედარებით, 8.6 მილიონი ლარით გაიზარდა. 4.5 მილიონით გაიზარდა „რუსთავი 2”-ის კომერციული შემოსავალიც. 2.5 მილიონით მეტი მიიღო „პოსტვ”-მ. რაც შეეხება „მთავარ არხს”, 2022 წელთან შედარებით, 2023-ში, მისი შემოსავალი 2.2 მილიონით შემცირდა. ტელეკომპანია „ფორმულას” სარეკლამო შემოსავალი კი 0.4 მილიონით. 0.5 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო „ტელეკომპანია პირველმა”.
კომუნიკაციების კომისიის ეს მაჩვენებელი მოწმობს, რომ სარეკლამო შემოსავლები მხოლოდ სამთავრობო მედიებს გაეზარდათ. კრიტიკულ ტელეკომპანიებს კი პირიქით, შემოსავლები დააკლდათ. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა, მიუკერძოებელ, რეგიონულ მაუწყებლებში. ქვეყნის მასშტაბით, პატარა ტელევიზიებში არსებული მდგომარეობები, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსმა შეისწავლა.
TV25, რეგიონულ მაუწყებელთა შორის, ყოველწლიურად, ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე იყო. დღეს, არსებობის მანძილზე, ურთულეს მდგომარეობაშია.ფინანსური კრიზისის მიზეზით, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ფაქტობრივად ვერ აწარმოებს კონტენტს, სადაც საეთერო დროს გაყიდის.
ისევე როგორც ბევრი სხვა მედიაორგანიზაციისთვის, კრიტიკული აღმოჩნდა ბოლო წლები „TV მონიტორინგი“- საც. პრობლემები გორში მოქმედ მედიაშიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო და ყველაზე მაღალშემოსავლიანი რეკლამა მედიისთვის აკრძალა. ეკა კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ ცვლილებები ყველაზე მეტად სწორედ კრიტიკულმა მედიამ იწვნია და შედეგად ისინი ნელ-ნელა იხურებიან.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სარეკლამო შემოსავლებთან ერთად, სპონსორობის წილიდან მიღებული შემოსავლებიც დაითვალა. დაადგინა, რომ 2022 წელთან შედარებით, 2023-ში ტელევიზიებსა და რადიოში, სპონსორობის წილი 3.1%-ითაა შემცირებული.
1728455482
1727447820