საქართველოში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი რეაბილიტაციას საჭიროებს - ჯანმოს შემაშფოთებელი კვლევა

საქართველოში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი რეაბილიტაციას საჭიროებს. შემაშფოთებელ კვლევას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ჯანმოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რეაბილიტაციის ცენტრები წლებია ფუნქციონირებს და სახელმწიფო პროგრამებიც მოქმედებს, სტატისტიკა მაინც საგანგაშოა. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეთა უმრავლესობას, ხშირად, საჭირო სერვისებზე წვდომაც კი არ აქვს. ორგანიზაცია ძირითად ბარიერებად ინფორმირებულობის სიმცირეს ასახელებს იმის შესახებ, თუ რა არის რეაბილიტაცია, როგორ მუშაობს ის და რა არის მისი სარგებელი. რამდენად პასუხობს ქართული სამედიცინო სისტემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საყურადღებო დასკვნას? თეო ფუტკარაძე გიამბობთ.

ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობები, რომელიც რეაბილიტაციის საჭიროებას იწვევს არის წელის ტკივილი, მოტეხილობები, სმენისა და მხედველობის დაკარგვა, ასევე ინსულტი და დემენცია. ისინი გავლენას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაზე და მათ შრომის უნარზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უახლესი ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის მინიმუმ ერთი მდგომარეობით რეაბილიტაციას მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი  საჭიროებს. მშობლები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ, ამბობენ, რომ შვილებს ამით, გარემო პირობებთან ადაფტირებაში ეხმარებიან.

მშობლები საუბრობენ ფინანსურ პრობლემებზეც. ამბობენ, რომ მათთვის, ვინც სახელმწიფო პროგრამაში ვერ ხვდებიან, რეაბილიტაციის კურსი ძვირი სიამოვნებაა. რაც შეეხება პროგრამებს, ხშირად, ისინი ბიუროკრატიის მსხვერპლნი ხდებიან, ვინაიდან დოკუმენტაციის მომზადება დროში იწელება და სხვადასხვა უწყებებსა და სამსახურებში ხშირ ვიზიტებს მოიცავს. შედეგად კი, პაციენტებს კურსის გავლა უგვიანდებათ.

კვლევის მიხედვით, სერვისების ხელმისაწვდომობას, სამედიცინო პერსონალის  სიმცირეც აფერხებს.  რეაბილიტაციას პოტენციალი აქვს თავიდან აიცილოს ძვირადღირებული ჰოსპიტალიზაცია, შეამციროს საავადმყოფოში გატარებული დრო, ხელახალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და ჯანმრთელობის პრობლემების გართულებების რისკი. ფუნქციებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარის გაუმჯობესებით, რეაბილიტაცია ამცირებს მუდმივი მოვლის ხარჯებს და ეხმარება ადამიანებს ნორმალურ ცხოვრებაში. პროგრესის მიუხედავად, ლევან ანთაძე მიიჩვნევს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი რათა რეაბილიტაცია  უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაციის ცენტრების ფუნქციონირება წლების წინ დაიწყო, მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად მაღალია. ცენტრებში ამბობენ, რომ ბოლო დროს მომართვიანობა გაიზარდა, თუმცა,  ხშირად ადამიანებს რეაბილიტაციის საჭიროების აღიარება უჭირთ. ძირითადად კი მშობლებს უჭირთ ადრეულ ასაკში შვილების დიაგნოზთან შეგუება. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დროსთან ერთად სერვისებიც იხვეწება, თუმცა, კლინიკების თანამედროვე  ინვენტარიზაცია დღემდე გამოწვევად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ ძვირადღირებულია,  კლინიკებში ამბობენ, რომ აქ მიღებული სერვისების წყალობით, შესაძლოა სამომავლოდ უფრო მეტი უსიამოვნება, ჯანმრთელობის გართულება და მკურნალობის ხარჯები დაიზოგოს. კენ ვოლკერის სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ აუცილებელია სახელმწიფო პროგრამების გაფართოება, რათა მისი გამოყენება საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეძლოს.

რეაბილიტაციის პროგრამა აჭარის რეგიონშიც ხორციელდება. რეგიონის მასშტაბით სულ 12 სარეაბილიტაციო ცენტი ფუნქციონირებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა მუდივად მზარდია და თანხებიც ეტაპობრივად იზრდება. თუმცა, მომსახურებით სარგებლობა, ამ ეტაპზე, მხოლოდ, კონკრეტული სტატუსის მქონე პირებს შეუძლიათ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყანამ, რეაბილიტაციის მიმართულება პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს. ასევე, მოახდინონ რეაბილიტაციის ინტეგრირება, სამედიცინო სისტემის ყველა დონეზე.  ჯანმოს რეკომენდაციით, სერვისები, ასევე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში, საავადმყოფოებსა და სპეციალიზებულ ცენტრებში. ხელი შეუწყონ ადეკვატური და კარგად გაწვრთნილი მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო სამუშაო ძალის ჩამოყალიბებას რეაბილიტაციის სერვისების მიწოდების მიზნით.

მეტის ნახვა