ბათუმის აუთვისებელი ბიუჯეტი და განუხორციელებელი პროექტები - რატომ ვერ ახერხებს მერია თანხების სწორად განკარგვას?

ბათუმის მერიას, აუთვისებელი თანხა, ამ წლის ბოლოსაც რჩება. საკრებულოს ოპოზიციის პროგნოზით, თვითმმართველობა  მიმდინ არე სლის მთლიანი ბიუჯეტის 50%-საც ვერ ითვისებს. მათი თქმით, ქალაქი ამჯერადაც რჩება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების გარეშე, რომლებიც ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მმართველი გუნდის ოპონენტები, უახლოეს სხდომებზე, მწვავე გამოსვლებისთვის ემზადებიან. ამბობენ  იმასაც, რომ  ვადაგასული საკრებულოს მიერ მიღებული ბიუჯეტით და კორუფციული გარიგებებით უკეთესის მოლოდინი არც ჰქონიათ.

ე.წ. შანხაის დასახლებას ბათუმში ყველა იცნობს. აქ მცხოვრები ადამიანების უმძიმეს ყოფაზე სპეციალური რეპორტაჟები არაერთხელ მოგვიმზადებია. შედეგად იმედიც გაჩნდა, რომ მათი ყოფა შეიცვლებოდა, თუმცა, ადამიანები ისეთივე პირობებში ცხოვრობენ, როგორც აქამდე. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის მიერ დაანონსებული სოციალური სახლები არსად ჩანს.

ეს მხოლოდ ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ბათუმის მერიამ მიმდინარე წელს პროგრამული ბიუჯეტიდან ვერ განახორციელა. განუხორციელებელ  პროექტებს შორისაა მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე, სამრეწველო ზონის, იგივე ჭოროხის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტიც. 2017 წელს დაწყებულ პროექტზე, მერიას, აუთვისებელი დარჩა მილიონობით ლარი, რაც ნაშთის სახით, ამჯერადაც, მომდევნო წლის ბიუჯეტში გადავა.

ყოველწლიურად, საბავშვო ბაღის გარეშე, ასობით სკოლამდელი აღსაზრდელი რჩება. ბათუმის მერიამ, მიმდინარე წელს ვერც ის უზრუნველყო, რომ პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილიყო. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ეს წინა მოწვევის საკრებულოს და კორუმპირებული მერიის მუშაობის შედეგია.

2022 წლის ბოლომდე, მერიას უნდა დაეწყო და დაესრულებინა რეკრეაციული ზონების მოწყობა მახინჯაურსა და თამარის დასახლებაში. შედეგი არსად ჩანს. საბოლოოდ ვერც ბაგრატიონის ქუჩა მოვიდა სისრულეში. წლის ბოლომდე კი, სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი.

იანვარ-სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ბათუმის მერიამ, მთლიანი ბიუჯეტიდან, ნახევრის ათვისებაც კი ვერ მოახერხა. გარდა დასახელებულისა, ქალაქს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დააკლდა. მათი დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურული ხასიათისაა. რატომ ვერ ახერხებს ბათუმის მერია, ტრადიციად ქცეულ, გარდამავალი ნაშთების ათვისებას და დაგეგმილი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას, უწყებაში ჩვენს კითხვებს, არ უპასუხეს.

მეტის ნახვა