პაპუაშვილი ელჩებზე: შეიძლება რომელიმე ერებთან გასდით, მაგრამ ქართველებთან არ გაუვათ

სს

სს

"ვის დავალებასაც არ უნდა ასრულებდეს კონკრეტული დიპლომატი, ფაქტია, რომ ისინი აზიანებენ საკუთარ თავს და საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას, ეს არ ის ფაქტი. ის, რასაც ვაკვირდებოდით ბატონი პიტერის თუ ზოგიერთი სხვა ადამიანის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აზიანებენ საკუთარ და საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. საკუთარი რეპუტაცია დაიზიანონ, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ მათი ქვეყნის რეპუტაცია როცა ზიანდება, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ორმხრივი ურთიერთობისთვის, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ გერმანიაზე. ასე რომ, ვის დავალებასაც არ უნდა ასრულებდნენ, ან დავალების მიმცემი ჰყავთ არაკვალიფიციური, ვერ ხვდება, რა ხალხთან აქვთ ურთიერთობა, ვინ ვართ ქართველები, რა გამოგვივლია. [...]

შეიძლება რომელიმე ერებთან გასდით, მაგრამ ქართველ ხალხთან არ გაუვათ ეს. კიდევ ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, რომ ზოგიერთს ხანდახან ჩვენი სტუმართმოყვარეობა ეშლება ფეხქვეშ გაგებაში და ეს ბევრ დიდ ერს მოსვლია ქართველებთან დაკავშირებით და ამ შეცდომას ნუ დაუშვებენ. ჩვენი სტუმართმოყვარეობა, განსაკუთრებული პატივისცემა და თავზე გადაყოლა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ფეხქვეშ ვეგებით, ეს უნდა გაითვალისწინონ", - ამბობს პაპუაშვილი.

 

გუშინ, 24 სექტემბერს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი დაიბარა, დღეს კი, 25 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი.

ქართული ოცნების საგარეოს დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებაზე ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა, გუშინ პიტერ ფიშერთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას".

ამასთან, საგარეოს განცხადებით, ელჩს "განემარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ" 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში".

ელჩის დაბარებაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და განაცხადა, რომ მტკიცედ გმობს ელჩის უსაფუძვლო დაბარებას და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას პიტერ ფიშერის წინააღმდეგ. 

მეტის ნახვა