ახალი ამბები • 1733997205
რა არის ჯილეხი და რა საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის | ინფორმაცია
ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა. მისი ბაქტერია იკეთებს სპორას და ათწლეულები ძლებს ნიადაგში. საქართველოში რეგისტრირებულია ჯილეხით დაავადებულ და დაცემულ ცხოველთა მრავლობითი მანიფესტური (მოქმედი, ნიადაგობრივი) 2000-ზე მეტი კერა.
რომელი ცხოველები ავადდებიან ჯილეხით?
ძირითადად, ავადდებიან შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები, კერძოდ: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, კენტჩლიქიანი ცხოველები, ღორი და ა.შ.
რა საფრთხეს წარმოადგენს ჯილეხი ადამიანისთვის?
ადამიანების უმეტესობა ავადდება ჯილეხით დაავადებული ცხოველის მოვლის, დაკვლის, ხორცის, მატყლის, ტყავის, ბეწვის დამუშავების დროს; იშვიათად - მიწის სამუშაოებისას იმ ტერიტორიებზე, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა/დაეცა; ასევე თერმულად დაუმუშავებელი ინფიცირებული ხორცის გამოყენებით. ჯილეხის სპორას ვერ ანადგურებს ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები. საქართველოში, ძირითადად, ადამიანებში გვხვდება ჯილეხის კანის ფორმა. სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია ექიმის დროული კონსულტაცია და მკურნალობა, დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში, ინფექცია შესაძლოა გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს.
როგორ ვრცელდება დაავადება?
დაავადებული ცხოველის სიკვდილის შემდეგ, დაინფიცირებული სისხლი და სხვა ბიოლოგიური გამონაყოფები არის დაავადების გამომწვევი. როცა ისინი ხვდება გარემოში/ ნიადაგში, მიკრობი გარდაიქმნება სპორად და სიცოცხლისუნარიანობას (დაავადების გამოწვევას) ათეულობით წელი ინარჩუნებს. შინაური და გარეული ცხოველი შესაძლოა, დასნებოვნდეს ნიადაგში, ბალახზე ან წყალში არსებული სპორების გადაყლაპვით/შესუნთქვით.
რა სიმპტომები (კლინიკური ნიშნები) აქვს ჯილეხს?
ცხოველებში ჯილეხის საეჭვო ნიშნებია: ქოშინი, მაღალი ტემპერატურა, უმადობა, სუნთქვის გაძნელება, დიარეა, ლორწოვანი გარსის შეშუპება. მკურნალობის გარეშე ცხოველები უეცრად იღუპებიან. ჯილეხით დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად არის გამოხატული გაშეშება, დამახასიათებელია მუქი შეუდედებელი სისხლდენა ცხვირიდან და სწორი ნაწლავიდან.
როგორ მოვიქცეთ ჯილეხზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?
შინაურ ცხოველში დაავადებაზე საეჭვო კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, უნდა მოხდეს სხვა ცხოველებისაგან მისი იზოლირება და ვეტერინარული სამსახურის დაუყოვნებლივ ინფორმირება. დაუშვებელია დაავადებული ცხოველის დაკვლა, დაცემული პირუტყვის ლეშის გადაგდება, რაც იწვევს ახალი კერის წარმოქმნას. ინფიცირებული ცხოველის ლეშის, ტანხორცის და ყველა პროდუქტის (ტყავი, ნაწლავი, შინაგანი ორგანოები) განადგურება ხდება სპეციალური წესით (დაწვა/დამარხვა).
როგორ ხდება დიაგნოზის დადგენა?
ჯილეხზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაუშვებელია ლეშის გაკვეთა. გამოსაკვლევად უნდა ავიღოთ სისხლი ან სხვა ქსოვილი (ყური, ტყავი და ა.შ). ნიმუშები უნდა შეგროვდეს ფრთხილად, რათა თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება და ადამიანების შესაძლო დასნებოვნება.
როგორ მკურნალობენ ჯილეხს?
ჯილეხით დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების მკურნალობა ხორციელდება ჰიპერიმუნური შრატით ან გამაგლობულინით, ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით. ანტიბიოტიკოთერაპია გრძელდება 3-4 დღე. გამოჯანმრთელებულები იცრებიან 14 დღის შემდეგ. დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ფურების რძე უნდა განადგურდეს. საკვებად დასაშვებია მხოლოდ ადუღების შემდეგ.
ჯილეხის პრევენცია
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჯილეხით ინფიცირება, აუცილებელია ცხოველის დროული ვაქცინაცია!
1733990122
1728455482
1727447820