ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს ქონებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ - მესამე სექტორის მიმართვა პარლამენტს

ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ექსპროპრიაციის წესით, ქონების ჩამორთმევის საკითხს ,პარლამენტი მალე განიხილავს. ინიციატივა ბათუმის მერიამ წარადგინა. თვითმმართველობას სურს  ავარიულ სახლში კონკრეტული ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა, სათანადო და წინასწარი კომპენსაციით მოხდეს. ცვლილების აუცილებლობას მმართველ გუნდში, იმ მიზეზით ხსნიან, რომ შესაძლოა, რომელიმე შენობის მეპატრონემ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამაზე უარი განაცხადოს. რა ზიანი შეიძლება მიადგეს ქალაქს და მოქალაქეებს ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში და რა მოსაზრებები აქვთ მესამე სექტორში?

ჩამოართმევენ თუ არა, მოქალაქეებს კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით, ეს მალე გახდება ცნობილი. ინიციატივა საქართველოს პარლამენტს, ბათუმის მერიამ უკვე წარუდგინა. საკითხი დაჩქარებული წესით, დახურულ კარს მიღმა გადაწყდა. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მესამე სექტორი გარკვეული სახის რისკებს ხედავს.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი დამტკიცების შემთხვევაში, ქაოტური განაშენიანების და კორუფციული გადაწყვეტილებების რისკებს გაზრდის. არასამთავრობო ორგანიზაციებში თვლიან, რომ კანონპროექტის მიზანი, სამშენებლო კომპანიებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებაა. აქ გამოსავალს შერეული კომისიის შექმნაში ხედავენ, სადაც დეველოპერებთან ერთად დაზარალებული მხარეები და დარგის სპეციალისტები საკითხს, ერთობლიდავ გადაწყვეტენ. მხარეთა პოზიციების შეუთანხმლებლობის შემთხვევაში კი, ალტერნატივაზე იფიქრებენ.

საკითხი დავის საგანი გახდა, ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრისთვისაც. ირმა ინაიშვილი ამბობს, რომ K2 კოეფიციენტის უკონტროლო ზრდა მოხდება. მისი თქმით, გენგეგმის გარეშე, მსგავსი სახის პროექტი, ქაოტური განაშენიანების უკონტროლო ზრდას გამოიწვევს, რადგან დეველოპერებს მაღალი კორპუსების შენების შესაძლებლობა კონტროლის გარეშე მიეცემათ. ნინო ინაიშვილი, ეჭვობს, რომ საკითხს ბათუმის გენგემაშიც ცვლილებები მოჰყვება.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საფრთხეებზე საუბრობენ იურისტებიც. პატაა დიასამიძის თქმით, ექსპროპრიაციის წესით ქონების ჩამორთმევა, კონსტიტუციით დაცულ უფლებებში ჩარევაა, რაც პროექტის მიმართ გარკვეული სახის კითხვებს აჩენს.

გარდა ექსპროპრიაციისა, ბათუმის მერს, შესაძლოა, K2-ის კოეფიციენტის გაზრდის უფლება ექსკლუზიურად მიენიჭოს. მთავრობამ ეს შესაძლებლობა არჩილ ჩიქოვანისთვის სპეციალურად დაუშვა. მერის უფლებები ძალაში მას შემდეგ შევა, როდესაც კოდექსში შესაბამის ცვლილებას მხარს პარლამენტიც დაუჭერს. ინიციატივებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდიდან, კომენტარი არ გაკეთებულა.

მეტის ნახვა