მინდობით აღზრდის ანაზღაურება გაიზარდა

შვილებთან განშორება, სიდუხჭირემ აიძულა. ნაირა ხმალაძე, ერთ-ერთია იმ ასობით მშობელს შორის, რომელთა ბავშვებიც, მინდობით აღზრდაში არიან. ხუთი შვილის სახლიდან გაშვება იმ მიზეზით მოუწია, რომ საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია და მუდმივად ქირით ცხოვრობს.  სახელმწიფოს დახმარება არაერთხელ სთხოვა, თუმცა, იმის მაგივრად, რომ მისთვის ფართი გამოეყოთ, მისი შვილები აღსაზრდელად, სხვა ოჯახში გადაიყვანეს.

არის შემთხევები, როდესაც ბავშვები მინდობით აღზრდაში, უკიდურესი სიღარიბის გამო ხვდებიან. რატომ არ აძლევს სახელმწიფო, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს, იმ თანხას, რასაც მიმღებ პირებს უხდიან? პასუხი უცნობია. ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში თვლიან, რომ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა და ბავშვის მშობელთან ყოფნა იქნებოდა სწორი.

რა გამოწვევების წინაშე დგანან მოზარდები, რომლებიც მინდობით აღზრდაში გადაჰყავთ? ფსიქოლოგის განმარტებით, ეს შესაძლოა, ბავშვისთვის, მუდმივი ცხოვრებისეული სტრესის მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით კი, იმ ფონზე, როდესაც ისინი საცხოვრებელს და აღმზრდელს რამდენჯერმე იცვლიან.

 

მინდობით აღზრდის პროგრამაში ბავშვები სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან - ობლობა, მშობლების ან მშობლის ქმედუუნაროდ ცნობა, მშობლისათვის უფლების ჩამორთმევა ან შეჩერება. რას ითვალისწინებს მინდობითი აღზრდა? სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პასუხი ასეთია:

სახელმწიფო ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებისა და სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ბავშვთა ჩართვა, "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამებში ხდება. სოციალური მუშაკი  ბავშვის განათავსებას ისეთ ოჯახში ცდილობს, რომელიც ტერიტორიულად ახლოს იქნება ბიოლოგიურ ოჯახთან, რადგან მინდობით აღზრდაში ბავშვის შეყვანის დღიდან  მუშაობა ბიოლოგიურ ოჯახთან  შემდგომში მისი დაბრუნების  მიზნით მიმდინარეობს.

კითხვა, რატომ არ აძლევს სახელმწიფო, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს, იმ თანხას, რასაც მიმღებ პირებს უხდიან, უპასუხოდ რჩება. მმართველი გუნდიდან თემაზე საუბარი არავინ ისურვა. რეგულარული მინდობით აღზრდის ანაზღაურება კი, სახელმწიფომ  დღეში 16 ლარიდან 20 ლარამდე გაზარდა, ნათესაური მინდობით აღზრდა კი, თვეში 200-დან  230 ლარამდე. ხოლო ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში ანაზღაურება 375 ლარის ნაცვლად 400 ლარი იქნება. დღეის მდგომარეობით, მინდობით აღზრდაში, ქვეყნის მასშტაბით, 1 812 ბენეფიციარი იმყოფება, მათ შორის, 430 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

მეტის ნახვა