რამდენად უვნებელია სურსათი საქართველოში - პასუხობს თუ არა ქართული ბაზარი ევროპულ მოთხოვნებს?

„სურსათის სტანდარტები სიცოცხლის დასაცავად“ - ამ გზავნილით დღეს საქართველოში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ღონისძიება დაიგეგმა. თუმცა, პომპეზური აქტივობების პარალელურად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები დღემდე რჩება.  უკეთესი წარმოება და გაუმჯობესებული კვება, სტანდარტების ამაღლება -საერთაშორისო ორგანიზაციები სურსათის უვნებლობის სწორი პოლიტიკის შემუშავებაზე საუბრობენ. ჯანსაღი პროდუქციის წარმოება-გაყიდვას ითხოვენ მოქალაქეები. რამდენად პასუხობს ქართული ბაზარი ევროპულ მოთხოვნებს?

მსგავსი შინაარსის ამბებს, მედიით, არც თუ ისე იშვიათად მოისმენთ. პროდუქტის ქვეყნიდან გაბრუნების მიზეზი, სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობების გამოვლინება ხდება. რამდენად უვნებელია საკვები, რომელსაც მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე ვყიდულობთ?  TV25-ის მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ ბაზრობასა თუ ქსელურ მარკეტებში შიშით შედის, რადგან, იქ შეძენილი პროდუქტის ვარგისიანობაში ეჭვი ეპარება. ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში სურსათი უვარგისია.

კრიტიკას მოქალაქეთა დიდი ნაწილი არც სოციალურ ქსელში ერიდება. ფეისბუქის ჯგუფებში იმედგაცრუებულ მომხმარებელთა რიცხვი საკმაოდ დიდია. ისინი უკმაყოფილებას, უვარგისი სურსათის გამო, ღიად აფიქსირებენ.

სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებლობის ნაწილი მეწარმეებზეც მოდის. დღეს მათმა დიდმა ნაწილმა  ჩვენთან სატელევიზიო ინტერვიუზე უარი თქვა.  ნაწილმა კი გვითხრა, რომ შემოწმებულ და ჯანსაღ პრუდქტს ყიდის. რამდენად ხშირად მოწმდება ბაზარი პასუხისმგებელი უწყების წარმომადგენლების მიერ? ერთ-ერთი მეწარმე, ასე გვპასუხობს:

ჩვენს ქვეყანაში სურსათის ხარისხი რომ მთავარი გამოწვევაა, ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც საუბრობენ. საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, უკეთესი წარმოება და კვება, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, დიდ როლს თამაშობს.

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში, დღეს, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავარი გამოწვევა მომხმარებლის ცნოებირების ამაღლებაა, რისთვისაც სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით კი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს,რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტები ევროპულთან ჰარმონიზაციაში იყოს.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 2019 წლიდან, ყოველწლიურად, 7 ივნისს აღინიშნება. წლევანდელი გზავნილია - „სურსათის სტანდარტები სიცოცხლის დასაცავად“.

მეტის ნახვა