ახალი ამბები • 1734684571
მაღალმთიან აჭარაში მეწყრით დაზარალებულებმა ჯერაც არ იციან როდის და რა სახის დახმარებას მიიღებენ
სოფელი გულები ქედაში, სტიქიის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული სოფელია. 6 თებერვლის ძლიერი წვიმის შემდეგ 60 კომლიდან, 22 ქირით ცხოვრობს. ადგილობრივები დასკვნებისა და ხელისუფლებისგან ადეკვატური რეაგირების მოლოდინში არიან. მათ სოფელში დარჩენისაც ეშინიათ და იმისიც, რომ თუ საცხოვრებლის შეცვლა მოუწევთ, შეთავაზებული 50 ათასი ლარით ცხოვრებას თავიდან ვერ დაიწყებენ.
სოფელ გულების მოსახლეობის თითქმის ნახევარი, თვეზე მეტია ქირით ცხოვრობს. მათი ნაწილი დაიმეწყრა, ნაწილი სახიფათო ზონაშია. აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა საკუთარი სახლების დატოვება, სამუდამოდ მოუხდეთ. ეს აშინებთ, რადგან გარდა იმისა, რომ საკუთრების მიტოვება უჭირთ, იციან, რომ დღეს არსებული საკომპენსაციო თანხით - 50 ათასი ლარით, ალტერნატიულს, ვერაფერს შეიძენენ.
გულებში, მიწას, ბზარები, სოფლის თითქმის ყველა მხარეს აქვს. ადგილობრივები, გეოლოგების დასკვნების მოლოდინით დაიღალნენ. ყველას მომავალი აინტერესებს. რისკის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს, ქირას უხდიან, თუმცა ბევრს დამატება უწევს. შეთავაზებული 350 ლარიდან, 70 საკომისიოთი იქვითება, 280 ლარად კი არაფერი იშოვება. ქირით გასული ოჯახები, მეურნეობებს შორიდან უვლიან. ეს, სოფლის მცხოვრებლებისთვის დამატებითი სირთულეა.
ნანული დიასამიძეც ქირითააა, მაგრამ დღისით მაინც სახლშია, რადგან სხვა საარსებო არ აქვს. საქონელს და ბოსტანს უნდა მოუაროს, რომ მშიერი არ დარჩეს. ამბობს, რომ თუ გასახლება მოუწევს, ურჩევნია ბინა ისევ ქედაში აუშენონ, ასე საცხოვრებელიც ექნება და მიწაც საარსებოდ. ეს, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია.
რა ალტერნატივები განიხილება და ფიქრობს თუ არა ხელისუფლება სხვა შეთავაზებებზე? კითხვით სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს მივმართეთ. ვაჟა აბულაძე ამბობს, რომ ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და თავადაც გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
რა ვადით მოუწევთ დაზარალებულ ოჯახებს ქირით ცხოვრება, არც აჭარის მთავრობაში აკონკრეტებენ. არც მთავრობის თავმჯდომარე, არც ეკონომიკის და არც ჯანდაცვის მინისტრები, ამ ეტაპზე არ საუბრობენ იმაზე, თუ რა სახის მხარდაჭერას მიიღებს რისკის ზონაში მოყოლილი ასობით ოჯახი.
1728455482
1727447820