ანტისანიტარია და ნარჩენებით დაბინძურებული თევზის ბაზარი ბათუმში

ანტისანიტარია და თევზის ნარჩენებით დაბინძურებული თევზის ბაზარი. ობიექტი დიდი ხანია ბათუმის სავიზიტო ბარათია. იგი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ვიზიტორებს, ქალაქში შემოსვლისას ხდებათ თვალში. შესაბამისად, წლის სხვადასხვა მონაკვეთში ხალხმრავალია. აქტიურად სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორებიც. ამის მიუხედავად, ადგილზე არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. გაუსაძლისი სუნი მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

ვიდრე, ბათუმის თევზის ბაზარს სავაჭროდ ან რესტორანში ზღვის პროდუქტების დასაგემოვნებლად ესტუმრებით, აუცილებლად, მოგიწევთ გაიაროთ პარკინგის ტერიტორია. ეს, სასიამოვნო პროცესი ნამდვილად არ არის. სანაგვე ურნები, ზუსტად, იქ დგას, სადაც მანქანების სადგომია. ისინი დაბინძურებულია და უსახური. მიუხედავად იმისა, რომ სტუმარს გააზრებული აქვს, ტერიტორიაზე, თევზის სუნი იქნება, აქ არსებული რეალობა, მოლოდინს, ყველა შემთხვევაში, გადააჭარბებს.

გადასაღებად, დღის პირველ ნახევარში მოვედით და სურათი, ცოტათი უკეთესი, ამიტომაც დაგვხვდა. მომხმარებელი ჯერ ნაკლებია და ურნებიც მეტ-ნაკლებად ცარიელი. და მაინც, მდგომარეობა გაუსაძლისია. ზღვის პროდუქტების ნარჩენებით დაბინძურებული წყალი ასფალტზე მიედინება. მცხუნვარე მზე კი, ისედაც სპეციფიკურ სუნს, კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს სძენს.

საპარკინგე ტერიტორია, თევზის ნარჩენებით იმდენადაა გაჯერებული, ასფალტს ფერი შეცვლილი აქვს და არ აქვს მნიშვნელობა, ზედაპირი მშრალია თუ არა, სუნი მაინც გაუსაძლისია. ეს ტურისტების უკმაყოფილებას, ხშირად, იწვევს. მოვაჭრეები, პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით, მერიას მიმართავენ, თუმცა, შედეგს ვერ მიაღწიეს.

მაშინ, როცა თვითდასაქმებულები დახმარებას მერიას სთხოვენ, თავად, სანდასუფთავების სამსახური მოვაჭრეებს ამხელს. კომენტარი არ გააკეთეს, მხოლოდ, სმს შეტყობინებით გვითხრეს, რომ მოვაჭრეები გაფრთხილებებს ყურს არ უგდებენ და ნარჩენებს წესების დარღვევით აგროვებენ. როგორც ამბობენ, ადგილზე დასაქმებულები თევზის გაწმენდილ ნაწილებს, ურნებში, ერთჯერადი პარკების გარეშე ათავსებენ. ფაქტი ერთია, პრობლემა მწვავეა და სამოქალაქო შეგნებით თუ სანქციების გამოყენებით, მას, შესაბამისმა სამსახურებმა თავი უნდა გაართვან.

მეტის ნახვა