ახალი ამბები • 1735227842
მოგვიწევს თუ არა კოვიდის წინააღმდეგ აცრა ყოველ 6 თვეში? - მეცნიერები ახალ მონაცემებზე საუბრობენ
Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრიდან გარკვეული დროის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა თანდათან მცირდება. შესაბამისად, ექვსი თვის თავზე ბუსტერ-დოზაა რეკომენდებული.
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რამდენჯერ შეიძლება დაგვჭირდეს და რა როლს ასრულებენ ამ პროცესში T-უჯრედები? კითხვებზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.
რა ხდება?
ე.წ. ბუსტერ-დოზა დღეს საჭიროდ და აუცილებლად ითვლება, რადგან დროთა განმავლობაში აცრილი ადამიანის სისხლში ანტისხეულების რაოდენობა მცირდება. რნმ ვაქცინების შემთხვევაში (BioNTech / Pfizer და Moderna), როგორც წესი, ეს სრული იმუნიზაციიდან ექვსი თვის შემდეგ ხდება.
სხვა ვაქცინის შემთხვევაში კი, რომელიც მხოლოდ ერთ ინექციას საჭიროებს, მაგალითად, როგორიცაა Johnson & Johnson-ი, გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია ბუსტერ-დოზებს რეკომენდაციას კიდევ უფრო ადრეულ პერიოდში უწევს.
რამდენჯერ შეიძლება დამჭირდეს ბუსტერ-დოზა?
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახლა ჩვენ მოგვიწევს ბუსტერ-დოზა ექვს თვეში ერთხელ ან ყოველ შემოდგომაზე გავიკეთოთ, მაგალითად, როგორც ეს გრიპის აცრის შემთხვევაში ხდება? ამ კითხვაზე პასუხი ექიმებმა ჯერჯერობით არ იციან, რადგან კაცობრიობას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს.
სავსებით მოსალოდნელია, რომ ვირუსის ახალ ვარიანტებთან ეფექტიანად გასამკლავებლად COVID-19-ის ამჟამინდელი ვაქცინები მომავალში უნდა შეიცვალოს, როგორც ეს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შემთხვევაში ხდება. უკვე მუშავდება არაერთი ახალი ვაქცინა, რომლებიც ეფექტიანი უნდა იყოს კორონავირუსის დელტა შტამის წინააღმდეგ.
ამ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს თავად პანდემიის მიმდინარეობა შეასრულებს. უცნობია, დასრულდება თუ არა ის მეოთხე ან მეხუთე ტალღის შემდეგ. შესაძლოა, კორონავირუსი ყველა თავისი მორიგი შტამით ენდემური გახდეს და მასთან ბრძოლა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.
ამასთან, მჭიდროდ არის დაკავშირებული კოლექტიური/ ჯოგური იმუნიტეტის საკითხი. რამდენად მალე შევძლებთ მის მიღწევას? ჩამოყალიბდება თუ არა პოპულაციური იმუნიტეტი აცრის ან ინფექციის მასობრივად გადატანის შედეგად, როგორც ეს ბევრ აფრიკულ ქვეყანაში ხდება? თუ ინფიცირების შემთხვევათა ამჟამინდელი რაოდენობით ვიმსჯელებთ, ეს ევროპაშიც სავსებით შესაძლებელია.
რა როლს ასრულებენ ამ პროცესში T-უჯრედები?
იმუნიტეტზე საუბრისას, მხოლოდ ანტისხეულები არ უნდა ვიგულისხმოთ. ამას ამტკიცებს დიდი ბრიტანეთისა და სინგაპურის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგები ნოემბრის დასაწყისში სპეციალიზებულ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. თუმცა ეს მონაცემები ჯერჯერობით განხილული და დადასტურებული არ არის.
მკვლევრებმა შეაგროვეს ჯანდაცვის სფეროს 58 წარმომადგენელი, რომლებიც კოვიდინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფს ეკუთვნოდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი არასდროს დაინფიცირებულან. ანტისხეულების სეროლოგიურმა ტესტებმა 58-ვე ადამიანში ასევე არ გამოავლინა ინფექციის არსებობა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანების ამ ჯგუფს, რომელსაც "სერონეგატიურს" უწოდებენ, მეხსიერების უფრო მულტისპეციფიკური T- უჯრედები აქვს.
T- უჯრედები მოქმედებენ რეპლიკაცია-ტრანსკრიფციის კომპლექსის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ ვირუსის გამრავლებაზეა პასუხისმგებელი. ამავდროულად, ამ 58 ადამიანიდან თითოეულს IFl27 პროტეინის მომატებული რაოდენობა აღმოაჩნდა.
ეს კორონავირუსით ინფიცირების ძალიან ადრეულ ეტაპზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე მეცნიერები ასკვნიან, რომ ამ 58 ადამიანს აბორტირებული, შეწყვეტილი ინფექცია ჰქონდა. შესაძლოა, ამ შემთხვევაში, სწორედ T-უჯრედებმა შეუწყო ხელი იმ ფაქტს, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იყო დაძლეული.
ამავდროულად, გაუგებარია, საიდან და რატომ აქვს ამ 58 ადამიანს T-უჯრედების ასეთი უჩვეულოდ მაღალი დონე. შესაძლოა, ეს მოხდა სხვა კორონავირუსით ადრეული ინფიცირების სტადიაზე ან სულაც გრიპის ვირუსის შედეგად.
როდის გამოჩნდება პოპულაციური/კოლექტიური იმუნიტეტი?
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ კორონავირუსთან განმეორებითმა შეხებამ, იმ შემთხვევაში, თუ ის ენდემური გახდება და უფრო ნაკლებ ინფექციურ აგენტთან გვექნება შეხება, შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ ჩვენი იმუნიტეტი ანტისხეულების ან T- უჯრედების წყალობით გაძლიერდება. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
თუმცა ჯერჯერობით, პანდემიის ახალი ტალღის ფონზე, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ არ შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ მცირე უყურადღებობაც კი. არავინ უნდა იფიქროს, რომ მას კორონავირუსის მიმართ უკვე ჩამოყალიბებული იმუნიტეტი აქვს, რადგან გაცილებით მაღალია მისი არქონის რისკი.
1728455482
1727447820